ვლადიმირ ვაისი: “ვეცდებით, შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ. გოლი უნდა გავიტანოთ”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში 14 ნოემბერს გერმანიაში ჩატარებული სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.
“ჩვენ სამი დღე გერმანიაში ვემზადებოდით და კარგ კონდიციაში ვიმყოფებით. სასიამოვნოა, რომ დღეს ასეთ კარგ მინდორზე და სტადიონზე გვიწევს ვარჯიში. შვეიცარიის წინააღმდეგ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას გავმართავთ და სურვილი გვაქვს, რომ ხარისხიანი და კარგად ორგანიზებული ფეხბურთი ვითამაშოთ. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ, რადგან შვეიცარიის ნაკრები დაცვაში კარგად მოქმედებს. ირლანდიისა და დანიის წინააღდეგ კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, ფრედ ვითამაშეთ, მაგრამ თუ ხვალ დადებითი შედეგის მიღწევა გვსურს, გოლი უნდა გავიტანოთ.
ჩემი აზრით, ჩვენ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, ამ მომენტისთვის შვეიცარია ჯგუფში იმ ადგილს არ იკავებს, რომელსაც ის რეალურად იმსახურებს. მათ ჩვენს მერე კიდევ ერთი მატჩი აქვთ გიბრალტარის წინააღმდეგ. გვსურს, რომ კარგი შედეგი ვაჩვენოთ, ეს რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. შვეიცარიის წინააღმდეგ ისეთივე რთული მატჩი გველის, როგორც ეს დანიისა და ირლანდიის წინააღმდეგ იყო. მოწინააღმდეგეს, რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მაგრამ ვლადიმირ პეტკოვიჩს საკმარისად კარგი სათადარიგო შემადგენლობა ჰყავს იმისთვის, რომ მაგალითად შერი და ემბოლო სრულფასოვნად შეცვალონ. ფსიქოლოგიურად კარგად ვართ, რადგან ბოლო მატჩებში კარგად ვიასპარეზეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ შეტევაში უკეთ უნდა ვითამაშოთ. დაცვიდან თამაშს არ ვაპირებთ, შეხვედრის ფავორიტი, რა თქმა უნდა, შვეიცარიაა, მაგრამ თამაში 0:0-დან იწყება და შანსები 50-50-ზეა. ვთვლი, რომ ფეხბურთელების ხარისხით შვეიცარია ჯგუფში საუკეთესო გუნდია.
მე მიყვარს ეს გუნდი და ის მოთამაშეები, რომლებიც აქ არიან. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ წარმატებისთვის. თუ რა დონეზე ვართ ახლა ამას ხვალინდელი თამაშიც გამოაჩენს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო ოქრიაშვილი, ანანიძე და ტაბიძე ვერ დაგვეხმარებიან. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს კარგი მოთამაშეები და საქართველოს სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. იმედი მაქვს ხვალინდელი თამაშისაც. ჩვენ ვემზადებით მარტისთვის და პირველ რიგში, ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ. ასევე ხორვატიაში დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაზე, სადაც იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც ნაკრებში საკუთარ შანსს ელოდებიან. ერთა ლიგის პლეი-ოფი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ისტორიული შანსია. ასევე ფიქრობენ ჩვენი მეტოქეები, მაკედონია, კოსოვო და ბელორუსი.
როგორც აღვნიშნე, ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და რეხვიაშვილი ამის შემდეგ დაგვემატა. ამ პოზიციაზე ასევე გვყავს ნავალოვსკი. ვნახოთ, რა არჩევანს გავაკეთებთ შვეიცარიის წინააღმდეგ. ნაკრებში ასევე არაბული და პაპუნაშვილი დაბრუნდნენ. ოქტომბერში პაპუნაშვილი ფიზიკურად მზად არ იყო და ამიტომ ვერ დაგვეხმარა. ახლა იმედი მაქვს, რომ ის მზად არის და შეძლებს გუნდის გაძლიერებას. რაც შეეხება არაბულს, მან საბერძნეთის ჩემპიონატში 5 გოლი გაიტანა და კარგ ფორმაში იმყოფება. ამ პოზიციაზე მყოფი ფეხბურთელები უნდა გამოვიყენოთ და შემდეგ მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა მარტის მნიშვნელოვან შეხვედრებშიც მიიღონ მონაწილეობა. ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, ქვილითაია ბელგიაში სათადარიგოთა სკამზეა, სხვა მოთამაშეები საბერძნეთში და ყაზახეთში თამაშობენ, რაც არ არის ევროპის უმაღლესი საფეხური”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.
შვეიცარია – საქართველოს მატჩის 18 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, 15 ნოემბერს სენტ გალენის სტადიონზე შეხვედრა ანშლაგით ჩაივლის.
მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიას 11 ქულა აქვს. საქართველო 8 ქულით, მეოთხე პოზიციას იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება, მატჩის რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური