კაშია: “შევეცდებით, რომ შვეიცარიელებს საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩის მასპინძელ ქალაქში 14 ნოემბერს გერმანიაში ჩატარებული სამდღიანი საწვრთნელი შეკრების შემდეგ ჩავიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს.
დამდეგი მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტანმა გურამ კაშიამ.
“საინტერესო მატჩი გველის, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად შვეიცარიას გამარჯვება სჭირდება. აქედან გამომდინარე, მეტოქეზე ზეწოლა უფრო დიდია. ჩვენ სამწუხაროდ, ამ გზით ევრო 2020-ზე გასვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ შანსს ვიტოვებთ, რომ მიზანს ერთა ლიგის საშუალებით მივაღწიოთ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას შეეცდება. იმ მოთამაშეებს, რომლებსაც ბოლო პერიოდში ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება იშვიათად ეძლეოდათ, ახლა თავის გამოჩენის საშუალება მიეცემათ. შვეიცარიის ნაკრებისთვის დაძაბული მატჩი იქნება და ჩვენ შევეცდებით, რომ მათ საქმე მაქსიმალურად გავურთულოთ.
ჩემი აზრით, შვეიცარიას ჩვენს ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს, გუნდი ყველა რგოლში ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან ერთად შვეიცარიელებს ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები და კარგი მწვრთნელი ჰყავთ. მათ საკუთარი სტილი აქვთ, მოკლე გადაცემებით თამაშობენ და ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია”, – აღნიშნა კაშიამ.
შვეიცარია – საქართველოს მატჩის 18 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული, 15 ნოემბერს სენტ გალენის სტადიონზე შეხვედრა ანშლაგით ჩაივლის.
მესამე ადგილზე მყოფ შვეიცარიას 11 ქულა აქვს. საქართველო 8 ქულით, მეოთხე პოზიციას იკავებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება, მატჩის რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ის პრესსამსახური