სტერლინგი: ჯო გომესს არ უნდა უსტვენდნენ!
“მანჩესტერ სიტისა” და ინგლისის ნაკრების შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და თანაგუნდელი ჯო გომესი დაიცვა.
გუშინ ინგლისის ნაკრებმა მონტენეგრო 7:0 დაამარცხა. მატჩის 70-ე წუთზე საუთგეიტმა თამაშში ჯო გომესი ჩართო, რომელსაც ტრიბუნებიდან დაუსტვინეს. მოგეხსენებათ, გასულ კვირაში სტერლინგსა და გომესს “ლივერპული”-“მანჩესტერ სიტის” მატჩის მიმდინარეობისას სიტუაცია დაეძაბათ. ფეხბურთელები ერთმანეთს ინგლისის ნაკრების შეკრებაზეც დაუპირისპირდნენ, რის გამოც მთავარმა მწვრთნელმა სტერლინგი დასაჯა და ის მონტენეგროსთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
სტერლინგი ფანების რეაქციით უკმაყოფილო დარჩა და შეხვედრის დასრუელბის შემდეგ Twitter-ში განცხადება გამოაქვეყნა:
“მინდა, ინგლისის ნაკრების ყველა ფანს მივმართო. მსურდა, ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო, მაგრამ ისევ უნდა ვილაპარაკო: ჩემთვის რთულია, როცა ვხედავ, რომ ჩემ თანაგუნდელს იმის გამო უსტვენენ, რაც ჩემი ბრალი იყო. ჯო არაფერში შემცდარა. ის მთელი ამ რთული კვირის განმავლობაში თავდახრილი შრომობდა და არასწორია, როცა მას უსტვენენ. ინციდენტზე მთელ პასუხისმგებლობას ვიღებ. ვგრძნობდი, რომ ეს უნდა მეთქვა”, – წერს სტერლინგი.
To all the @England fans, I wanted to leave things at it was but tonight I have to speak again : it was hard for me to see my team mate get booed for something that was my fault. Joe hasn’t done anything wrong & for me to see someone who keeps his head down and work hard..
— Raheem Sterling (@sterling7) November 14, 2019