კლუბები, რომლებსაც “მანჩესტერ სიტის” მფლობელი ფლობს
2008 წელს შეიხ მანსურმა დაარსა საინვესტიციო ჯგუფი “აბუ დაბი იუნაიტედ გრუპი”, 2014 წელს კი ჩამოაყალიბა “სიტი ფუტბოლ გრუპი – ჰოლდინგი, რომელიც საინვესტიციო ჯგუფის მეშვეობით მართავს საფეხბურთო კლუბებს.
“მანჩესტერ სიტი” (ინგლისი)
შეიხ მანსურმა ჩამოაყალიბა სააქციო საზოგადოება, რათა “მანჩესტერ სიტის” შეძენა გამარტივებოდა.
“ისეთი გუნდების დასამარცხებლად, როგორებიცაა “ჩელსი” და “ბარსელონა”, საჭიროა უმაღლესი დონის მინიმუმ 22 ფეხბურთელის შეძენა. ფული პრობლემა არ არის. მთავარია, რომ ჩემს გუნდში თითოეულ პოზიციაზე თამაშობდეს ტოპ-ფეხბურთელი, კლუბი კი მოკლე დროში უნდა გახდეს ევროპის წამყვანი გუნდი”, – თქვა შეიხ მანსურმა.
“მანჩესტერ სიტის” შეიხის მოსვლამდე არსებობის 128-წლიან ისტორიაში მხოლოდ 12 ტიტული ჰქონდა მოგებული, მისი მოსვლის შემდეგ კი გუნდმა 11 წლის განმავლობაში 13 ტროფეი დაისკაუთრა.
“ნიუ იორკ სიტი” (აშშ)
2012 წელს MLS-ის კომისარმა დონ გარბერმა “მანჩესტერ სიტის” გენდირექტორ ფერან სორიანოს ნიუ იორკში საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბება შესთავაზა. 2013 წლის 21 მაისს “ნიუ იორკ სიტი” MLS-ის ახალი წევრი გახდა, თუმცა “სიტი გრუპი” კლუბის აქციათა მხოლოდ 80 პროცენტს ფლობს, დანარჩენი 20 პროცენტის მფლობელი ბეისბოლის კლუბი “ნიუ იორკ იანკიზი” გახლავთ. მფლობელებმა ლიგის წევრობისთვის 100 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადეს.
გუნდის პირველი ფეხბურთელი ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია გახდა.
2015 წლის იანვარში ინგლისელმა ფეხბურთელმა ფრენკ ლამპარდმა გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ის სეზონს “მანჩესტერ სიტიში” ჩაამთავრებდა, შემდეგ კი “ნიუ იორკ სიტის” შეუერთდებოდა.
2011 წელს “მანჩესტერ სიტის” ფრანგმა ნახევარმცველმა პატრიკ ვიეირამ ბუცები ლურსმანზე დაკიდა და ინგლისური კლუბის სტრუქტურაში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, 2015 წელს კი “ნიუ იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდა და ამერიკულ გუნდს 2018 წლამდე თავკაცობდა, რის შემდეგაც სამშობლოს მიაშურა და “ნიცას” ჩაუდგა სათავეში.
“მელბურნ სიტი” (ავსტრალია)
“სიტი” გრუპის” მესამე კლუბი ავსტრალიური “მელბურნ ჰარტი” გახდა, რომელსაც მოგვიანებით სახელწოდება შეეცვალა და “მელბურნ სიტი” ეწოდა.
“სიტი” გრუპმა” 2014 წელს კლუბის აქციათა 80 პროცენტი 12 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა, ერთი წლის შემდეგ კი დანარჩენ 20 პროცენტსაც დაეუფლა. ჯერჯერობით “მელბურნ სიტი” წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.
“იოკოჰამა მარინოსი” (იაპონია) და “სიჩუან ცზიუნიუ” (ჩინეთი)
2014 წლის მაისში “სიტი გრუპმა” იაპონური “იოკოჰამა მარინოსის” აქციათა 20 პროცენტი შეიძინა, 80 პროცენტის მფლობელი ავტომწარმოებელი კომპანია “ნისანი” გახლავთ. ამ დროისთვის კლუბი იაპონიის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს და წელს ჩემპიონობის კარგი შანსიც აქვს: გუნდს გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი უკავია და ლიდერ “ტოკიოს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ტურნირის დასკვნით ტურში “იოკოჰამა მარინოსი” სწორედ “ტოკიოს” მასპინძლობს.
2019 წლის თებერვალში “სიტი გრუპმა” ჩინური “სიჩუან ცზიუნიუს” აქციათა ნაწილი შეიძინა. გუნდი ჩინეთის ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში გამოდის.
“ატლეტიკო ტორკე” (ურუგვაი)
“სიტი ფუტბოლ გრუპმა” 2017 წლის აპრილში ურუგვაული “ატლეტიკო ტორკე” შეიძინა. მონტევიდეოში 2007 წელს დაარსებული გუნდი მომდევნო სეზონში პირველად ისტორიაში იასპარეზებს ურუგვაის პრიმერადივიზიონში. კლუბი სატრანსფერო ბაზარზე ძირითადად ახალგაზრდა ნიჭიერი ლათინოამერიკელი ფეხბურთელების მოძიებაზე და შემდეგ მათ ზრდა-განვითარებაზე მუშაობს.
“ჟირონა” (ესპანეთი)
“სიტი ფუტბოლ გრუპმა” 2017 წლის აგვისტოში კატალონიური კლუბის აქციათა 44,3 პროცენტი შეიძინა, ამდენივე პროცენტის მფლობელია კომპანია, რომელსაც “მანჩესტერ სიტის” თავკაცის, პეპ გვარდიოლას ძმა პერე გვარდიოლა უდგას სათავეში.
“ჟირონაში” “სიტი გრუპის” მოსვლიდან ორ თვეში გუნდმა პრიმერადივიზიონის ეგიდით გამართულ მატჩში მადრიდის “რეალი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
“ჟირონა” “მანჩესტერ სიტის” ერთგვარი დუბლია, რომელსაც ინგლისური კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელებით ამარაგებს, რათა მათ ესპანეთის წამყვან გუნდებთან თამაშით გამოცდილება მიიღონ, თუმცა შარშანდელი შედეგებით კატალონიელები პრიმერადივიზიონიდან სეგუნდაში დაქვეითდნენ.