ზურაბ დათუნაშვილს გეგა გეგეშიძის მიმართ პრეტენზია აღარ აქვს
ზურაბ დათუნაშვილსა და გეგა გეგეშიძეს შორის არსებული კონფლიქტი ამოწურულია. 15 ნოემბრის პროცესზე დათუნაშვილის ადვოკატმა ნოტარიულად დამტკიცებული წერილი წარადგინა, სადაც წერია, რომ მხარეები მორიგდნენ და დაზარალებულ მოჭიდავეს ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ პრეტენზია არ აქვს.
გეგეშიძის ადვოკატის, ზურა როსტიაშვილის თქმით, ეს საქმეში მნიშვნელოვანი შემამსუბუქებელი გარემოებაა.
“ზურაბ დათუნაშვილს ვინ შეაშინებდა, როგორ ფიქრობთ? ვერავინ ვერ შეაშინებდა. როგორც ჩანს, დაფიქრდა ბატონი ზურაბი და გადადგა რეალური ნაბიჯი. მორიგდნენ და ნოტარიულად დაადასტურა, რომ არავითარი პრეტენზია გეგეშიძის მიმართ არ გააჩნია. ეს საქმის ვითარებას ცვლის, ეს შემამსუბუქებელი გარემოებაა”, – განაცხადა გეგეშიძის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 11 იანვარს, საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში არეულობით დასრულდა. გეგეშიძემ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ძალადობის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს.