ვაისი: “კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ხორვატიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენ, არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ხორვატიას ძალიან კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი ჰყავს. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, ხვალინდელ მატჩში კარგი და ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება გვსურს. ვფიქრობ, რომ შვეიცარიის წინააღმდეგ მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. ხვალინდელ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს განვახორციელებთ და შანსი ასევე მიეცემათ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც ამ შესარჩევ ეტაპზე სათადარიგოთა შორის იყვნენ.
რა თქმა უნდა, ხორვატიისა და სლოვაკეთის ორივე შეხვედრას ვუყურე. სლოვაკეთმა პირველ ნახევარში კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ხორვატებმა თამაში გამოასწორეს და გაიმარჯვეს. ხორვატებს უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მათ ბოლო შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი დააკლდათ, მაგრამ მაინც უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ხორვატიას არამხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს”, – განაცხადა ვაისმა.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებთა ამხანაგური მატჩი ქალაქ პულაში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით