დიბალა: “ვის არ უნდა საუკეთესოსთან ერთად თამაში?”
ტურინის “იუვენტუსისა” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პაულო დიბალამ კრიშტიანო რონალდუსა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
როგორც იცით, 26 წლის შემტევს ნაკრებში მესისთან ერთად, ხოლო კლუბში რონალდუსთან ერთად თამაში უწევს.
“მოედნის მიღმა ორივე წყნარი ადამიანია, მაგრამ მოედანზე განსხვავებულები არიან. ერთხელ არგენტინელმა კალათბურთელმა, ლუის სკოლამ თქვა, რომ როცა ლეო და კრიშტიანო მოედანზე შედიან, მათ სჯერათ, რომ საუკეთესოები არიან და ამიტომაც არიან ისინი საუკეთესოებია.
მეგობრები მეუბნებიან: “ნაკრებში შენი თანაგუნდელი საუკეთესო ფეხბურთელია, ახლა კი კლუბშიც საუკეთესო მოგიყვანეს…” მე მათ ვპასუხობ, რომ ეს ჩემთვის დიდი პლუსია. მათ ყოველდღიურად ვაკვირდები. ვის არ უნდა საუკეთესოსთან ერთად თამაში? ჩვენ ორ ფენომენალურ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, ორივე მათგანი სხვებზე წინაა.
ყველა სეზონში 40 გოლის გატანა ადვილი არ არის. ეს სიგიჟეა. ფეხბურთის ისტორიაში არაერთი დიდებული მოთამაშე გვინახავს, რომლებიც დიდებულ კლუბებში თამაშობდნენ, მაგრამ მათ მსგავსი მიღწევები არ ჰქონიათ. ისინი ერთმანეთს კვებავენ და უფრო ძლიერებს ხდიან”, – ციტირებს დიბალას სიტყვებს “ასი”.