“ქართველებთან ასე ვერ მოვიქცეოდი” – ქეცბაიამ ლორია და კაჭარავა დასაჯა
30 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში “ანორთოსისი” სტუმრად ლარნაკას აეკ-ს დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. მატჩი შეუცვლელად ჩაატარეს მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე ოქრიაშვილმა. ამ უკანასკნელმა 53-ე წუთზე ძალიან ლამაზი გოლიც გაიტანა. რაც შეეხება კიდევ ორ ქართველს, გიორგი ლორიასა და ნიკა კაჭარავას, ისინი თემურ ქეცბაიამ დასაჯა და სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.
მოგვიანებით anorthosis24.net-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლორიამ და კაჭარავამ მატჩის წინ, გუნდის სადილზე დააგვიანეს, თემურ ქეცბაიამ კი ისინი ამის გამო დასაჯა. ქართველმა მწვრთნელმა მოგებული შეხვედრის შემდეგ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა.
“მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით. გასაგებია, შეცდომას ყველა ვუშვებთ. როცა კონკრეტულ დროს ვასახელებთ, იმ დროს ყველა დანიშნულების ადგილას უნდა იყოს. სხვა ფეხბურთელები რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, თვალი დამეხუჭა, მაგრამ ქართველებთან ასე ვერ მოვიქცეოდი, რადგან ისინი სამაგალითოები უნდა იყვნენ. არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, რასაც სხვა რომელიმე მწვრთნელი არ აკეთებს”, – განაცხადა ქეცბაიამ.