ოფიციალურად: რუსეთი ყველა სპორტის სახეობაში 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსეთი ყველა დიდ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებსა და 2022 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე რუსეთის დროშას ვერ ვიხილავთ და სხვადასხვა ტურნირებზე ვერც რუსეთის ჰიმნი გაჟღერდება.
იმ რუს სპორტსმენებს, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ მათ დოპინგი მიღებული არ აქვთ, შეუძლიათ ტურნირებში მონაწილეობა ნეიტრალური დროშით მიიღონ.
შეგახსენებთ, რომ დოპინგთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 168 რუსი სპორტსმენი ნეიტრალური დროშით ასპარეზობდა.
რუსეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს, რადგან ანტი-დოპინგური სააგენტოს წესდების მიხედვით, უეფა “დიდი ღონისძიების ორგანიზატორ ორგანიზაციად” არ მიიჩნევა.