ტომას ტუჰელი: “მბაპე ჩემ გადაწყვეტილებებს უნდა დაემორჩილოს”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუჰელი, პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გუნდის 20 წლის სუპერვარსკვლავისგან თავისი გადაწყვეტილებების პატივისცემას ითხოვს.
“კილიანთან მუშაობა რთული ნამდვილად არ არის, თუმცა ფაქტია, რომ მას უნიკალური მენტალიტეტი გააჩნია,” – განაცხადა ტუჰელმა “გალათასარაისთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.
“სავსებით ნორმალურია, ყოველთვის გამარჯვებისკენ რომ ისწრაფვის, მაგრამ ამავდროულად ის ჩემ გადაწყვეტილებებსაც უნდა დაემორჩილოს. შეცვლისას მან სხვა ფეხბურთელების მიმართაც უნდა გამოიჩინოს პატივისცემა, მაგალითად ჩუპო-მოტინგის მიმართ,” – დაამატა გერმანელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენმა” უკვე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლიდერის სტატუსი, საფრანგეთის ლიგა 1-ში კი ამ ეტაპისთვის პირველ პოზიციას იკავებს.