ლევან საგინაშვილი რუს მეტოქეზე: “ეგონა, რომ მომიგებდა და “გამარჯობაო” ქართულად მითხრა, მე კი…”
ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა 8 დეკემბერს საერთაშორისო ტურნირი “TOP 8” მოიგო. ტურნირში მსოფლიოს გამორჩეული მკლავჭიდელები იღებდნენ მონაწილეობას. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი დამაჯერებლად, 6:0 დაამარცხა.
საგინაშვილმა Prime Time-თან ინტერვიუში ტურნირთან დაკავშირებით ისაუბრა და ფინალში რუს მკლავჭიდელთან დაპირისპირება გაიხსენა.
“ასეთი მაღალი დონის შეჯიბრი ამ სპორტში აქამდე არ ყოფილა, თავის საპრიზო ფონდითაც და ორგანიზებითაც. პირველი ეტაპი ჩატარდა მალაიზიაში, მეორე – ჩინეთში და მესამე იყო პოლონეთში, სადაც შევხვდი რუს სპოტსმენს და გავიმარჯვე ანგარიშით 6:0.
ყველა ელოდა ჩემ გამარჯვებას. მეც ბევრი ვიშრომე, ბევრი ვივარჯიშე. დამიფასდა და გავიმარჯვე. დარბაზში 90 პროცენტი რუსი გულშემატკივარი იყო, ისე გამოვიდა, რომ გასვლაზე მიწევდა ბრძოლა. თუმცა, იყვნენ ქართველები, მორაგბეები იყვნენ ჩამოსულები საქომაგოდ. მაინც მოვახერხე და დავსძლიე ეს ზეწოლა.
პირველი გადაწევის დროს გამიჭირდა, ასე ვთქვათ, ერთმანეთს შევასკდით, ბრძოლა გვქონდა. ერთ მომენტში ეგონა, რომ მომიგებდა და ასეთი რამ მითხრა – “გამარჯობაო”, ქართულად. მერე მოვუგე და “გაგიმარჯოს” მეთქი. მგონი, არ უნდა გავებრაზებინე, მისთვის ასე ჯობდა”, – უთხრა საგინაშვილმა Prime Time-ს.