“მანჩესტერ სიტიმ” ტურის ცენტრალურ მატჩში “ლესტერი” დაამარცხა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ეტიჰედ სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ კედლებში ბრენდან როჯერსის “ლესტერი” მიიღო.
რამდენადაც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა საჭირო მომენტებში “ქალაქელები” უფრო ეფექტიანად თამაშობდნენ და შედეგი ტაბლოზეც აისახა.
ანგარიში ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ჯეიმი ვარდიმ გახსნა 22-ე წუთზე, რასაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, რიად მარეზმა უპასუხა ლამაზი გოლით (30′). ტაიმის მიწურულს სტერლინგის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ილკაი გიუნდოგანმა გარდასახა გოლად.
მეორე ტაიმში გულშემატკივარმა ორმხრივი იერიშების კასკადი იხილა, თუმცა ბურთი მხოლოდ შმეიხელის კარის ბადეს შეეხო, ისიც ერთხელ – გაბრიელ ჯეზუსის შეხების შედეგად – 3:1.