რომან ფიფია: “უბრალოდ ფულის გადაყრას აზრი არ აქვს”
თბილისის “დინამომ” რამდენიმე საათის წინ მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანი წარადგინა. გუნდის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ლეგიონერებთან დასმულ შეკითხვას უპასუხა.
“9 წელია “დინამოს” მესაკუთრე ვარ. მას შემდეგ რამდენმა წყალმა ჩაიარა. “დინამო” 4-ჯერ გახდა ჩემპიონი ჩემ ხელში. არცერთი მწვრთნელი არ გამიშვია, ვინც გუნდს ჩემპიონატი და თასი მოაგებინა. მწვრთნელებმა თავისი გადაწყვეტილებით მოისურვეს წასვლა. მე ზუსტად ვიცი, რომ კახას არსად არ ეჩქარება, არ აპირებს უცხოეთში წასვლას და აქ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს. თქვენ უფრო კარგად იცით რა ხდება ჩვენ ქვეყანაში. ყველაზე წარმატებული ლეგიონერი ბოლო პერიოდში იყო ჩისკო. ჩისკოს გარდა 100-მდე ლეგიონერი მყავდა “დინამოში” ჩამოყვანილი სხვადასხვა ანაზღაურებით, დაწყებული 5-ათასით, დამთავრებული 30-ით და რამდენმა გაამართლა კარგად იცით. ჩვენთან კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა დიდი პრობლემაა. კარგ ლეგიონერს ჩვენთან ჩამოსვლა არ უნდა, ეს არის სამწუხარო რეალობა. ამასთანავე, 30-50 ათასი დოლარის გადახდა არ ნიშნავს კარგი ლეგიონერის ჩამოყვანას, რომელიც მერე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ჩვენ უნდა მივიღოთ ადეკვატური გადაწყვეტილება და როგორმე ვეცადოთ გამოცდილი უცხოელის გადაბირებას, რომელიც ვერ ვხდება ძირითადში. უბრალოდ ფულის გადაყრას, რასაც ელოდება ჩვენგან გულშემატკივარი, აზრი არ აქვს. საჭიროა ბალანსის დაცვა და ეს ყველაფერი კახასთან ერთად მოხდება. ვეცდებით იმ ხალხის დამატებას, ვინც ამ ადამიანის გეგმას შეასრულებს, მაგრამ ეს არ არის ადვილი თემა და გამართლებაზეა”, – განაცხადა რომან ფიფიამ.
ჩხეტიანმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ჩისკო შეცვალა.