ქართული გუნდი, რომელმაც ფეხბურთელებს 4 ათასი ლარის ნაცვლად 19 ათასი ლარი მისცა
საფეხბურთო გუნდ “საპოვნელას” დავალიანების გადახდა, რომელიც 2016 წელს ეროვნულ ლიგაში თამაშობდა, 3 წელში კი ფუნქციონირებაც შეწყვიტა, თერჯოლის მუნიციპალიტეტს 180 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, გუნდს იურისტი არ ჰყავდა, დოკუმენტები მოწესრიგებული არ ჰქონდა და სასამართლომ 3-ჯერ მეტი დავალიანების გადახდა დააკისრა, ვიდრე ეს გუნდს ჰქონდა. საინტერესოა, რომ “საპოვნელას” დირექტორმაც კი უჩივლა სასამართლოში.
ფეხბურთელსა და კლუბს შორის იდებოდა შეთანხმების აქტი, როდესაც ფეხბურთელი სხვა გუნდში გადადიოდა და აქტში დავალიანების ოდენობა იწერებოდა. მსგავსი დოკუმენტაცია “საპოვნელას” ადმინისტრაციას სრულად არ ჰქონდა დაცული.
მაგალითად, 2 მოთამაშის მიმართ 4000 ლარიანი დავალიანება ირიცხებოდა და სასამართლოში ორივე მათგანმა წლიური ანაზღაურება, ჯამში 19 ათასი ლარი მოითხოვა, რაც სასამართლომ დაუკმაყოფილა. არადა, ორივე მათგანი უკვე სხვა კლუბში ირიცხებოდა ოფიციალურად და 15 ათასი ლარი პრაქტიკულად იურისტის არჰყოლის და დოკუმენტების, უბრალოდ, ნაგვის ურნაში გადაგდების გამო გადაიხადა მერიამ.
სასამართლომ თანხის გადახდა თერჯოლის მუნიციპალიტეტს დააკისრა. სახელმწიფო აუდიტი გუნდისა და მუნიციპალიტეტის უამრავ დარღვევაზე საუბრობს და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს.