მოურინიო ერიქსენის მომავალზე: “მას სამი ვარიანტი აქვს”
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, კრისტიან ერიქსენის გარშემო შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ დანიელ ფეხბურთელს “სპურსთან” კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.
“გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი, გავყიდით თუ არა ერიქსენს იანვარში. ჩვენ სრულად გარკვეული ვართ სიტუაციაში. ერიქსენს თავისუფლად შეეძლება სეზონის ბოლოს რომელიმე კლუბს შეუთანხმდეს და იქ გააგრძელოს კარიერა. ეს მისი პირველი ვარიანტია.
მეორე ვარიანტი – იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გუნდის დატოვებაა, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენც ჩავერთვებით საქმეში. მესამე ვარიანტი კი კონტრაქტის გახანგრძლივებაა. ამ მომენტისთვის, სულ ესაა, მას სამი ვარიანტი აქვს,” – აცხადებს მოურინიო.
შეგახსენებთ, რომ ერიქსენს ბოლო დროს “ინტერს”, “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ.