ოგნეიენ როლოვიჩი: “რომ გამეტანა, ყველაფერი განსხვავებულად დამთავრდებოდა”
თბილისის “საბურთალო” მონტენეგროელმა თავდამსხმელმა, ოგნიენ როლოვიჩმა დატოვა. როლოვიჩს “საბურთალოში” ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა და “შერიფის” წინააღმდეგ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. Fanebi.com-მა მასთან ინტერვიუ გუნდში სტარტზე, გია ჭიაბრიშვილზე, ზაგრების “დინამოსთან” მომენტზე და შესაძლო შემოთავაზებაზე ჩაწერა.
– საიდან მოხვდით “საბურთალოში”?
– ვიღაცამ ჩემი ვიდეო გაუგზავნა და ისინიც დაინტერესდნენ. წინასასეზონო ვარჯიშზე ვიყავი გუნდთან ერთად, ამხანაგურ მატჩებში მივიღე მონაწილეობა და კონტრაქტი გავაფორმე.
– მართლაც რომ საოცრად კარგი სტარტი გქონდათ. გოლი “შერიფის” წინააღმდეგ და ელიგაში 5 მატჩში 6 ბურთი. გუნდის ლიდერი იყავით, მაგრამ შემდეგ ძირითადშიც ადგილი დაკარგეთ. რამ გამოიწვია ეს?
– დასაწყისში ძალიან კარგი სტარტი მქონდა, თუმცა სანაკრებო პაუზის დროს, ამხანაგურ მატჩში ტვინის შერყევა მივიღე და 2 თვე დამჭირდა ფორმაში ჩასადგომად. ფიზიოთერაპევტების საუკეთესო გუნდი მკურნალობდა, ვინც კი ოდესმე მინახავს. მათ მომამზადეს ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, რაც ჩემი მთავარი მიზანი იყო. და კითხვა, რატომ დავკარგე ადგილი ძირითადში, ჩემთვის არ არის!
– გავიხსენოთ ეპიზოდი, როდესაც პირველ მატჩში ძალიან კარგი შანსი გქონდათ თავით ზაგრების “დინამოს” კარი აგეღოთ. როგორ ფიქრობთ, როგორ შეცვლიდა ეს მომენტი 2-მატჩიან დუელის ბედს?
– მე სადღაც 15-16 მეტრიდან დავარტყი და მეკარემ შესანიშნავი სეივი გააკეთა. მართლაც ვფიქრობ, რომ გამეტანა, სრულიად განსხვავებული დასასრული ექნებოდა ამ ყველაფერს.
– გია ჭიაბრიშვილმა თასის მოგების შემდეგ გუნდი დატოვა. როგორ დაახასიათებდი მას? რა გავლენა ჰქონდა გიას “საბურთალოზე” და ფეხბურთელებზე?
– ის წყნარი და კარგი ადამიანია და რასაც “საბურთალო” დღეს წარმოადგენს, 100% მისი დამსახურებაა. მე პატივს ვცემ მას როგორც მწვრთნელს და არ შემიძლია სხვა ფეხბურთელების სახელით ვისაუბრო. მე და მას პროფესიონალური ურთიერთობა გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული საფეხბურთო იდეები და სტილი გვაქვს.
– “საბურთალოს” ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი გქონდათ? რომელიმე ქართული კლუბი ხომ არ დაგკავშირებია?
– არ მისაუბრია ხელმძღვანელობასთან, რადგან გუნდთან ერთად არ ვრჩები და არც შემოთავაზება მქონია ქართული გუნდებიდან.
– ელიგიდან თუ გაჩნდა ინტერესი, განიხილავ?
– კლუბზე და შემოთავაზებაზეა დამოკიდებული.
– საქართველო როგორ მოგეწონათ?
– საქართველო და ქართველი ხალხი ძალიან მომეწონა. ძალიან ბევრ კარგ ქართველს შევხვდი და აუცილებლად მსურს კიდევ ერთხელ მონახულება.