დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 იანვარი
“ბენფიკას” მაკარიძე სურს
უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის წამყვან კლუბებს გიორგი მაკარიძის მიმართ ინტერესი გააჩნიათ.
record.pt-ს ცნობით, ამჟამად “ბენფიკა” ორი მეკარითაა დაინტერესებული. მაკარიძის გარდა, ისინი “ბოავიშტას” კარის დარაჯის ელტონ ლეიტეს შეძენაზეც ფიქრობენ.
“იუვენტუსი” დიბალას ახალ კონტრაქტს სთავაზობს
ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა პაულოდ დიბალასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტეს. ეს ყოველივე ევროპული გრანდების მიერ დიბალას ტრანსფერისადმი ინტერესის გაჩენამ გამოიწვია.
როგორც ცნობილი ხდება, ტურინელები 26 წლის არგენტინელ ვარსკვლავს 2024 წლამდე სთავაზობენ კონტრაქტს. მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად კი დიბალა “ბებერ ქალბატონს” 2022 წლამდე უნდა ემსახუროს.
ამ დროისთვის დიბალა სეზონში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში კი მისი ხელფასი სამი მილიონით გაიზრდება.
პსჟ-ს ზიეჩი სურს
ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” “აიაქსის” შემტევით, ჰაკიმ ზიეჩითაა დაინტერესებული.
ამავდროულად, ფეხბურთელს “არსენალს”, “ტოტენჰემსა” და “ბაიერნს” უკავშირებენ. ჯერ-ჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა სხვა რომელიმე კლუბში კარიერას მაროკოელი შემტევი.
“ბაიერნში” დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულში სანეს შეიძენენ
Sky Sport-ის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელობა დარწმუნებულია იმაში, რომ ზაფხულში კლუბი “მანჩესტერ სიტის” ფლანგელს, ლეროი სანეს შეიძენს.
უკვე დიდი ხანი სანესა და “ბაიერნს” ერთმანეთს უკავშირებენ, ტუმცა ტრანსფერი ჯერ არ შედგა.