საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის
საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს ამიერიდან ვასილ მაისურაძე გაწვრთნის. ეს ინფორმაცია დღეს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა.
49 წლის ფეხბურთის სპეციალისტი 2011 წლიდან 2020 წლის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 2012 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით ითამაშა და ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. იგი ბოლოს საქართველოს 20-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. ამჟამად ვასილ მაისურაძე ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების უფროსია.
“ასაკობრივ ნაკრებებში ვასილ მაისურაძეს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის კარგად იცნობს ჩვენი ფეხბურთის ახალი თაობის წარმომადგენლებს, რადგან ახალგაზრდებთან სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში მუშაობდა. ბოლოს მისი საქმიანობა 20-წლამდე გუნდთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობ შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია. ვასილ მაისურაძე ახალგაზრდულ ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უხელმძღვანელებს, ჩვენ გუნდს საინტერესო მატჩები ელოდება წლის ბოლომდე”, – აცხადებს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშილი.
საქართველოს 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვასილ მაისურაძის დებიუტი 26 მარტს შედგება. ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქე სლოვაკეთი იქნება.
ფოტო: gff.ge