ჯანო ანანიძე: “ჩემთვის პრიორიტეტი ევროპაში გადმოსვლა იყო”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკიდან” ფამაგუსტის “ანორთოსისში” გადავიდა. 27 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“ძალზედ მოხარული ვარ, რომ “ანორთოსისში” გადმოვედი. ჩემთვის პრიორიტეტი ევროპა იყო. კლუბის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით კი – თემურ ქეცბაიას. მან მითხრა, რომ ჩემი აქ გადმოსვლით მოხარულია. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო.
კვიპროსში შეკრებებზე არაერთხელ ვყოფილვარ. ვიცი, რომ აქ საკმაოდ თბილი კლიმატი და გემრიელი საკვებია. მქონდა შემოთავაზებები რუსეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდანაც, თუმცა თემურმა დამარწმუნა, რომ აქ უნდა გადმოვსულიყავი. ცუდი პერიოდი მქონდა, ტრავმის გამო არ ვთამაშობდი. ამ ტრანსფერში უმთავრესი ფიგურა თემურია.
“ანორთოსისი” დიდი გუნდია, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის და ჩემთვის ესეც მნიშვნელოვანია. აქაურ ფანებს ვპირდები, რომ ჩემგან კარგ, შედეგიან თამაშს იხილავენ”, – თქვა ანანიძემ.