დროის რა პერიოდში შეიძლება იზეიმოს “ლივერპულმა” ჩემპიონობა?
იურგენ კლოპის “ლივერპული” პრემიერ ლიგაში უბრალოდ გასაოცარ შედეგებს აჩვენებს. ტოპ-5 ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო სტარტი სწორედ კლოპის გუნდის ანგარიშზე გახლავთ.
საინტერესოა, თუ როდის შეძლებს “ლივერპული” პრემიერ ლიგის ტიტულის განაღდებას.
“ვულვზთან” 23-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების (1-2) შემდეგ, “ენფილდელებს” 22 მოგება და ერთი ფრე უგროვდებათ, რაც 67 ქულას უდრის. მათ უახლოეს მდევარ “მანჩესტერ სიტის”, რომელსაც ერთით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, 16 ქულით ნაკლები აქვს ანგარიშზე.
იმ შემთხვევაში, თუ “ლივერპული” კვლავაც გააგრძელებს ამ ბრწყინვალე სერიას (მოიგებს ყველა დარჩენილ მატჩს) და ამავდროულად არც მისი უახლოესი მდევარი დაკარგავს ქულებს, 9 ტურის შემდეგ იურგენ კლოპის ბიჭები ჩემპიონობას იზეიმებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში “ლივერპული” ჩემპიონობას სწორედ “ეტიჰად სტედიუმზე” იზეიმებს, 4 აპრილს.