გოჩა სვანიძემ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტარი გააკეთა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი, გოჩა სვანიძე რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა.
როგორც იცით, საქართველოს ნაკრების მოქმედმა და ყოფილმა მორაგბეებმა პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერეს. ასევე, აბუსერიძის მხარდასაჭერი განცხადება მოჭიდავეებმა – გენო პეტრიაშვილამ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც გააკეთეს.
“მათთან როგორი ურთიერთობაც აქამდე მქონდა, ისე გაგრძელდება მომავალშიც. ეს ყველაფერი ჩვენ საქმიან ურთიერთობებს არ შეეხება. ნაკრების ბიჭები ჩემთან იყვნენ. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემი მხარდამჭერი განცხადება რომ გაეკეთებინათ, მე ამას საჯაროდ დავგმობდი. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. რაც უკვე გაკეთდა თუ გაფუჭდა, არავინ არ იცის, ამაზე მხოლოდ გულისტკივილი შემიძლია გამოვთქვა. დავანებოთ თავი პიროვნულ შეფასებებს მათ ავტორების მიმართ. მე როგორც კანდიდატი, მომხრეებად არ ვყოფ არც მწვრთნელებს და არც მოთამაშეებს და არც მოწინააღმდეგეებად არ ვყოფ.
2016 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მწვრთნელებს გამოუვხადე, რომ ‘არ მინდა ჩემთან ურთიერთობის გარკვევას შეეცადოთ პოზიტიურად ან ნეგატიურად. მე მინდა, რომ თქვენ გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა.’
სადაც მისი ადგილი არ არის და მაინც გადის, ეს მათი პერსონალური პრობლემაა. ცუდი მაგალითია საზოგადოებისათვის. ჩვენ, მთლიანად ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ დაავადებულები ვართ. ეს არის ამის შედეგი. არ შეიძლება ყველაფრის ფასად გამარჯვება მოვიპოვო. მე რომ ახლა ვიცოდე, რომ რაღაც უღირსი უნდა ჩავიდინო და ამით გარანტირებულად გავხდები პრეზიდენტი, დღესვე მოვხსნი ჩემ კანდიდატურას.
ეს სხვა სპორტის სახეობებსაც ეხება. ძალიან გული მტკივა. პატივს ვცემ ყველას, ვინც გამოვიდა – მორაგბეს, არამორაგბეს. როდესაც იცი, რომ მიჭირს და მეუბნები, ფული მასესხეო – რატომ მაგდებ ასეთ მდგომარეობაში, ხომ იცი, რომ არ მაქვს? როდესაც მოდიხარ და მეუბნები, კლიპი გადაიღე ჩემ სასარგებლოდ, მე რატომ მაგდებ ასეთ მდგომარეობაში? ვისი ბრალი უფრო დიდია, საზოგადოებამ თვითონ გასცეს პასუხი. მე უბრალოდ გულისტკივილით ვიტყვი, შეუმცდარი არავინ არ ვართ. ეს ბიჭები ჩვენი ნაწილია. იმედი მაქვს, მათ სწორი ნაბიჯებით და სიყვარულით დავანახებთ, რომ ეს სწორი არ იყო”, – განაცხადა სვანიძემ.
შეგახსნებთ, რაგბის კავშირის პრეზიდენტობისათვის სვანიძესთან და აბუსერიძესთან ერთად ბაჩო ხურციძეს იბრძვის. არჩევნები 31 იანვარს ჩატარდება.