საქართველო – რუმინეთის შეხვედრა აღარ ჩატარდება?
დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი შეხვედრაში რუმინეთს უნდა დაუპირისპირდეს. თუმცა, დიდი შანსია, ეს მატჩი აღარ ჩატარდეს. როგორც ირკვევა, რუმინეთის ნაკრებს ვირუსის გამო მარჯვენა ბურჯები დააკლდათ. მათ ამ პოზიციაზე არცერთი ჯანმრთელი მორაგბე არ ჰყავთ.
მატჩის დელეგატები გუნდების ექიმებთან და მწვრთნელებთან კონსულტაციას გაივლიან, რის შემდეგაც, შესაძლოა, ჩამოთვლილი ოთხი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიონ:
1. მატჩი გადაიდება და ჩატარდება რაგბი ევროპის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ერთ-ერთ კვირაში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველო კეთილ ნებას გამოიჩენს, ხოლო რუმინეთი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოსვლაზე თანახმა იქნება.
2. თუ ქართული მხარე განაცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების რეალური საშიშროებაა, მატჩი აღარ ჩატარდება და საქართველოს ნაკრებს მოგება ჩაეთვლება (ბონუს ქულის გარეშე).
3. თუ ქართული მხარე განაცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს და რუმინელთა მარცხენა ბურჯი მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე ითამაშებს, მატჩი ჩვეულებრივ ჩატარდება. ამ შემთხვევაში, შეხვედრის დელეგატმა მორაგბეების უსაფრთხოების საკითხი უნდა გაითვალისწინოს და ამას დათანხმდეს.
4. მატჩი დაიწყება შერკინებების გარეშე. ამ შემთხვევაში, რუმინელები მინდორზე 14 მოთამაშით გამოვლენ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 18:00 საათზე უნდა დაიწყოს.