“მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგიდან ორი წლით დისკვალიფიცირებულია!
უეფას ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადების მიხედვით “მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება ორი წლის მანძილზე არ მიეცემა.
როგორც ცნობილი ხდება, უეფამ ინგლისური გრანდი ფინანსური ფეარ-ფლეის წესების დარღვევაში გამოიჭირა და დისკვალიფიკაციასთან ერთად 30 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.
“საარბიტრაჟო კომიტეტმა დეტალურად განიხილა ყველა სამხილი, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ “მანჩესტერ სიტი” 2012-16 წლებში ფინანსური ფეარ-პლეის რეგულაციებს სერიოზულად არღვევდა. აგრეთვე ირკვევა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას კლუბმა სათანადოდ არ ითანამშრომლა შესაბამის უწყებებთან.
კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააკისროს კლუბს 30 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი ჯარიმ და გარდა ამისა აუკრძალოს “მანჩესტერ სიტის” უეფას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა 2020/21 და 2021/22 წლების სეზონებში.
ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება,” – ვკითხულობთ განცხადებაში.
“მანჩესტერ სიტის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უეფას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკვე გამოთქვა იმედგაცრუება.