ტურის სენსაცია: “უოტფორდმა” დაუმარცხებელი “ლივერპული” გაანადგურა (ვიდეო)
სენსაცია დაფიქსირდა პრემიერ ლიგის 28-ე ტურში – პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “უოტფორდმა” საშინაო კედლებში დაუმარცხებელი “ლივერპულის” განადგურება შეძლო.
შეხვედრის პირველ ნახევარში ბურთს უმეტესწილად “ლივერპული” ფლობდა, თუმცა კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყა. საპასუხოდ “უოტფორდმა” 7-ჯერ გაისროლა ალისონის კარისკენ, რომელიც ჩარჩოში მხოლოდ ერთხელ წავიდა.
მეორე ტაიმში კი “ვიქერეჯ როუდზე” შეკრებილმა ფანებმა სენსაცია იხილეს – ისმაილ სარის ბრწყინვალე თამაში გოლებად 54-ე და მე-60 წუთებზე გარდაიქმნა. მიღებული შოკის შემდეგ “მერსესაიდელებმა” გამოცოცხლება ვერ შეძლეს და მორიგი გოლი მიიღეს, ამჯერად ისმაილ სარიმ საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, ტროი დინიმ კი – გოლი.
ასე რომ, “ლივერპულს” ისტორიის დაწერაში ხელი მე-19 ადგილზე მყოფმა “უოტფორდმა” შეაჩერა. შეგახსენებთ რომ “ლივერპულს” პრემიერ ლიგის ბოლო 38 მატჩიდან 37 ჰქონდა მოგებული.