“მანჩესტერ იუნაიტედის” პატარა ქომაგის თხოვნის შემდეგ “ლივერპულმა” სამი მატჩი წააგო
მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ათი წლის ქომაგმა “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს მოგებათა სერიის შეწყვეტა სთხოვა, მერსისაიდული გუნდი სამჯერ დამარცხდა.
როგორც მოგეხსენებათ, “წითელი ეშმაკების” ახალგაზრდა გულშემატკივარმა სახელად დარამ სასკოლო პროექტის ეგიდით კლოპს წერილი მისწერა და სთხოვა, რომ “ლივერპულს” მოგებათა სერია შეეწყვიტა. გერმანელმა სპეციალისტმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანს საპასუხო წერილი გაუგზავნა და აუხსნა, თუ რატომ არ შეეძლო მისი თხოვნის შესრულება.
მიუხედავად კლოპის განმარტებისა, “ლივერპულმა” გამარჯვებების სერია შეწყვიტა და მას შემდეგ უკვე მესამედ დამარცხდა: ინგლისის თასზე ლონდონის “ჩელსისთან” 0:2, პრემიერლიგაში “უოტფორდთან” 0:3 და ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “ატლეტიკოსთან” 0:1. ამ პერიოდის განმავლობაში “წითლებმა” მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს: “ვესტ ჰემთან” 3:2.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპული” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს სეზონის დასრულებამდე ათი ტურით ადრე 79 ქულით ლიდერობს და უახლოეს მადევარ “მანჩესტერ სიტის” 22 პუნქტით უსწრებს.