ტუჰელი: “ნეიმარი ახლა გაცილებით უფრო მშვიდია”
“პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ტომას ტუჰელი პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გუნდი სეზონის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში ბრაზილიელ ნეიმარს უნდა მიენდოს.
“ნეიმარი ახლა გაცილებით უფრო მშვიდია, ამას ვგრძნობ. “ბორდოსთან” მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა წითელი ბარათით დაასრულა. კარგი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ვერაფერს შევცვლით.
ის ხვალინდელი მატჩისთვის სრულფასოვნად ემზადება. ნეიმარი აუცილებლად ითამაშებს [თასის მატჩი “ლიონთან”], ეს აუცილებელიც არის ჩვენთვის.
სეზონის უმნიშვნელოვანეს ფაზას მივუახლოვდით და ნეიმარის ფაქტორი გადამწყვეტიც შეიძლება იყოს. ვგრძნობ, რომ ის გაცილებით უფრო კარგ ფორმაშია და თვითდაჯერებულიც,” – აცხადებს ტუჰელი.
შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობს, სადაც მათი მეტოქე დორტმუნდის “ბორუსიაა”.