საქართველოს მთავარი პრობლემა: ვინ იქნება მარჯვენა მცველი?
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე მხოლოდ 20 დღეა დარჩენილი და ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მარჯვენა ფლანგია.
მარჯვენა ფლანგზე პირველ ნომრად “ლუცერნის” მცველი ოთარ კაკაბაძე მოიაზრება, მაგრამ კაკაბაძეს რამდენიმე თვე გაუცდა და ვარჯიში მხოლოდ 3-4 დღეა, რაც დაიწყო. კაკაბაძე ოფიციალური მატჩის ჩატარებას, დიდი ალბათობით, 26 მარტამდე ვერ მოასწრებს.
აქედან გამომდინარე, ვლადიმერ ვაისს, შესაძლოა, გარკვეული ცვლილების განხორციელება მოუწიოს. ვაისს სხვადასხვა არჩევანი აქვს.
1) სლოვაკი სპეციალისტის გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის პრაქტიკულად ვერ ნახავთ სათადარიგო სკამზე მარჯვენა მცველს. კაკაბაძის პირველ შემცვლელად ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი, ჯაბა ჯიღაური მოიაზრება. ჯიღაურმა ბოლოს ამ პოზიციაზე ხორვატიასთან ითამაშა, თუმცა არც თუ ისე კარგად.
2) გურამ კაშია კარიერას სწორედ მარჯვენა მცველობიდან იწყებდა. კაშია ბელარუსთან შეხვედრამდე საკმაოდ გადაღლილი ჩამოვა. საინტერესოა, რამდენად დააყენებს 4 მძიმე დამცველს მწვრთნელი.
3) ეროვნულ ლიგაში 2 გამორჩეული მარჯვენა მცველია. “საბურთალოს” ნიკა მალი და ბათუმის “დინამოს” ლევან გეგეჭკორი. მალის ტრავმა ჰქონდა და ვარჯიში 1 კვირის წინ დაიწყო. ლევან გეგეჭკორი ბოლო დროს რეგრეს განიცდის, მაგრამ მარტამდე ელიგაში 4 თამაშს გამართავს.
4) მურთაზ დაუშვილი ან ჯაბა კანკავა. ორივე საყრდენი ნახევარმცველი იდეალურად შეასრულებს დაცვით ფუნქციებს, თუმცა შეტევაში ნაკლებად პროდუქტიულები იქნებიან. ყველაზე გამოუვალ სიტუაციაში მათი დაყენებაც შეიძლება.
ბელარუსთან დაპირისპირებამდე მეკარის, 3 მცველისა და ნახევარმცველების ამბავი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. კიდევ ერთი გადაუწყვეტელი საკითხი თავდასხმაშია.