“იუვენტუსმა” საშინაო კედლებში “ინტერთან” გაიმარჯვა (ვიდეო)
8 მარტს იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის გადადებული მატჩი შედგა ტურინის “იუვენტუსსა” და მილანის “ინტერს” შორის. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.
თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებმა ოთხჯერ შეძლეს ჰანდანოვიჩის კარის ჩარჩოში დარტყმა, თუმცა სლოვენიელი მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
მეორე ტაიმი კი “ბებერი ქალბატონის” სრული უპირატესობით წარიმართა, რაც ტაბლოზეც აისახა. ანგარიში 55-ე წუთზე აარონ რემზიმ გახსნა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში არსებული გაუგებრობით ისარგებლა და ფარული დარტყმა განახორციელა. მატჩს წერტილი 67-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა პაულო დიბალამ დაუსვა ბრწყინვალე გოლით – 2:0.
ამ შედეგით 26 მატჩში “ბიანკონერის” 63 ქულა უგროვდება და ერთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ “ლაციოს”. მესამეზე მყოფ “ნერაძურის” ანგარიშზე კი 54 ქულა გროვდება.