ჯანო ანანიძე: “ეს ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმაა”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კვიპროსული “ანორთოსისის” ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც იცით, ანანიძემ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, რის გამოც მინიმუმ ერთი თვით იუქმებს. იმ შემთხვევაში, თუ მარტში საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის ფლეი-ოფის მატჩებს გამართავს, ჯანო ამ შეხვედრებს გამოტოვებს.
“მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემ გულშემატკივარს, რომელიც ისეთივე გულისტკივილით განიცდის ჩემ წარუმატებლობას, უთამაშებლობასა და ტრავმას, როგორც ჩემი ოჯახის თითოეული წევრი, რასაც ძალიან ვაფასებ. ვაფასებ და ყოველთვის ვგრძნობ თქვენ გვერდში დგომას და მხარდაჭერას.
ახლა, რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას. ჩემდა სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია ჩემი დაშავების შესახებ შეესაბამება სიმართლეს და სამწუხაროდ, ამ ტრავმის გამო, მომიწევს საქართველოს ნაკრების მიერ ბელორუსთან ჩასატარებელი უმნიშნელოვანესი მატჩის გამოტოვება, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე დარტყმაა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ტრავმა არც ისე სერიოზულია, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. საბედნიეროდ, მუხლის მყესი გაწყვეტილი არ არის და მხოლოდ დაჭიმულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთთვიანი ფიზიოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება მინდორზე დაბრუნება.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის და გულწრფელი მხარდაჭერისათვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.