ჰენდერსონი: “მომდევნო ეტაპზე გასვლას ჩვენ ვიმსახურებდით”
11 მარტს “ენფილდმა” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს უმასპინძლა, რომელშიც “ატლეტიკომ” ევროპის მოქმედი ჩემპიონი “ლივერპული” დამატებით ტაიმებში გამოაგდო.
“რასაკვირველია, ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ჩემი აზრით, საერთო ჯამში კარგი თამაში ვაჩვენეთ. ყველაფერი გავიღეთ, რაც შეგვეძლო, ეს კი კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის ამ მარცხს. იმედგამაცრუებელი გოლები გავუშვით.
ბოლო წლებში მსგავსი მომენტები არაერთხელ გამოგვივლია და ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბოლოსკენ კონცენტრირებული ყოფნა. საერთო სურათს თუ გავითვალისწინებთ, მომდევნო ეტაპზე გასვლას ნამდვილად ვიმსახურებდით.
იან ობლაკმა დიდებული მატჩი ჩაატარა. ჩვენ მის კართან ძალიან ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა თამაშის მოკვლისთვის საჭირო მესამე გოლი ვერ გავიტანეთ.
ძალიან რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც თავს ასე კარგად იცავს. ეს მტკივნეული გრძნობა კიდევ კარგა ხანს გაგვყვება, თუმცა თავები უნდა ავწიოთ და სეზონი ღირსეულად დავასრულოთ.
ახლა ჩვენ დერბიზე უნდა ვკონცენტრირდეთ. “ევერტონთან” მნიშვნელოვანი თამაში გველის,” – აცხადებს ჰენდერსონი.