დავით მუჯირი: “დიდი ალბათობით, ბელარუსთან მატჩი გადაიდება”
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა 26 მარტს ბელარუსთან გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.
“მართლაც სრულიად მსოფლიოსა და საფეხბურთო სამყაროს უდგას მძიმე პერიოდი. იცით, თქვენ უეფას პოლიტიკის შესახებ, ორგანიზაცია ცდილობს წითელ ზონებში თამაშების მაყურებლის გარეშე ჩატარებაზე, ჩვენ უკვე დიდი ხანია მათთან კომუნიკაცია გვაქვს. ფედერაციამ ეროვნული და ახალგაზრდული ლიგების მატჩები პირველ აპრილამდე გადადო. ვიმედოვნებთ, სიტუაცია უკეთესობისკენ გამოსწორდება. ბელარუსთან თამაშის შესახებ უეფასთან აქტიურ კომუნიკაციას ვაწარმოებთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არამარტო გულშემატკივრის, არამედ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაც. საქართველოს ნაკრების ბირთვი უცხოეთიდან ჩამოდის. 2 ფეხბურთელი ამერიკიდან მოემგზავრება და ამერიკამ გაურკვეველი ვადით შეზღუდა მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან, რამდენიმე ფეხბურთელი ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდის, რომლებთანაც ჩვენ სახელმწიფოს შეზღუდვები აქვს დაწესებული და შესაძლოა, ისინი ვერც შემოვიდნენ ან გარკვეული პროცედურების გავლა მოუწიოთ. ასევე, ჩვენი მხრიდან ვერ ვიძლევით გარანტიებს, რომ მეტოქე გუნდის მოთამაშეებს, რომლებიც იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში ასპარეზობენ, ქვეყანაში შემოსვლის საშუალებას მივცემთ. ფეხბურთი მხოლოდ 90 წუთი არაა, რაც ტელევიზორში გადის. უეფასთან დავაფიქსირეთ აზრი, რომ არ გვსურს ნამდვილად მაყურებლის გარეშე თამაში, გვსურს ეს ისტორიული მატჩი გულშემატკივართან ერთად გავმართოთ, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ როგორც გულშემატკივრის, ასევე, ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე. ალბათობა მცირეა, რომ ბელარუსთან მატჩი გაიმართოს, უეფა-ს მატჩის გადადებას ვთხოვთ. ჩემი გადმოსახედიდან, წარმოუდგენელია მარტის ბოლოს ბელარუსთან შეხვედრა შედგეს. და გაიმართოს მაშინ, როდესაც ყველასთვის უსაფრთხო იქნება. ღმერთმა ქნას 3-4 დღეში ყველაფერი გამოსწორდეს. გუშინ ნახეთ “პსჟ”-სა და “დორტმუნდის” შეხვედრა, როდესაც სტადიონზე არავინ იყო, მაგრამ 15 ათასი კაცი უყურებდა დიდი ეკრანიდან სტადიონს გარეთ და ასე ვთქვათ, უეფამ პასუხისმგებლობა მოიხსნა. ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს და გვინდა ყველაფერი მაშინ და ისე ჩატარდეს, როცა და როგორ იქნება საუკეთესო და უსაფრთხო თითოეული ადამიანისთვის”, – დავით მუჯირმა “პირველ არხზე” ვლადიმერ გუცაევთან საუბრისას.
საქართველო – ბელარუსის შეხვედრისთვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.