პაატა ღუდუშაური ფეხბურთს სეზონის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება
საფეხბურთო დავების სპორტულმა ტრიბუნალმა “ვიტ ჯორჯიას” ყოფილ ფეხბურთელს, პაატა ღუდუშაურს სამუდამო დისკვალიფიკაცია 1-წლიანი აკრძალვით შეუცვალა. შესაბამისად, ღუდუშაური სეზონის დასრულების შემდეგ დაუბრუნდება ფეხბურთს და 2021 წელს გამოსაცდელი პერიოდით ითამაშებს. თუ 1 წლის განმავლობაში მას რაიმე საფეხბურთო გადაცდომა ექნება, ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოშორდება.
ღუდუშაურის ადვოკატი და დედა ფეხბურთის ფედერაციის გადაცდომებზე საუბრობდნენ. მოსალოდნელი იყო, რომ პაატა ფეხბურთს 16 მარტიდან დაუბრუნდებოდა და 2-წლიანი პირობითი სასჯელი ექნებოდა, თუმცა მოულოდნელად ასე არ მოხდა, რაშიც ფედერაციის მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.
ფეხბურთელი მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 10 თვის წინ დააკავეს, თუმცა პროკურატურამ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეწყვიტა და ამ საქმიდან ღუდუშაურის განრიდება მოხდა.