ლუკა იოვიჩმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და სერბეთში გაემგზავრა
მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, ლუკა იოვიჩი, რომელიც, წესით, მადრიდში, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, სერბეთში გაემგზავრა. 22 წლის ფეხბურთელი ბელგრადის ქუჩებში შენიშნეს.
როგორც იცით, მადრიდის “რეალის” კალათბურთელ ტრეი ტომპკინსს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის გამო, “რეალის” ფეხბურთელებმა სავარჯიშო პროცესი შეწყვიტეს და იზოლაციას მიმართეს. ესპანეთში კორონავირუსით 17000 ადამიანზე მეტია დაინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ქვეყანაში მცხოვრებ პირებს სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა, იოვიჩმა თვითიზოლაციის წესი მაინც დაარღვია.
იოვიჩის გარდა, სამშობლოში რამდენიმე სერბი ფეხბურთელიც დაბრუნდა, რის გამოც პრემიერ მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა ისინი გააკრიტიკა.
“ჩვენი ფეხბურთის ვარსკვლავების სახით უარყოფითი მაგალითები გვაქვს. მათ მილიონებს უხდიან, ამ დროს კი თვითიზოლაციის წესს არღვევენ და შინ ბრუნდებიან”, – განაცხადა ბრნაბიჩმა.
სერბული გამოცემა Informer-ის ცნობით, იოვიჩი სამშობლოში მეგობარი გოგონას დაბადების დღის აღსანიშნავად დაბრუნდა. დიდი ალბათობით, “რეალი” ფეხბურთელს დააჯარიმებს.