გაჯიევი: “საქართველოში რუსეთთან მატჩზე ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც რაგბის ქომაგები არ არიან”
რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ტაგირ გაჯიევმა rugger.info-სთან ინტერვიუში საქართველოსთან გაუქმებულ შეხვედრაზე ისაუბრა. დაღესტნელი მორაგბე აცხადებს, რომ ის თბილისში თამაშისას დიდ ემოციასა და ენერგიას იღებს. ასევე, მისი თქმით, საქართველოში რუსეთთან შეხვედრას ბევრი ისეთი ადამიანი ესწრება, რომელიც რაგბის ქომაგი არ არის.
– საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ, თქვენ უკვე თბილისში იყავით, სადაც გაიგეთ, რომ მატჩი არ გაიმართებოდა.
– ასეთი რამ ჩემ ცხოვრებაში პირველად მოხდა. მატჩი გაუქმდა. მართალია, რუსეთის ნაკრებთან ერთად რაგბი ევროპის ბევრ მატჩში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ეს სეზონი ყველაზე უცნაური გამოვიდა. იყო მოულოდნელი შედეგები, ესპანელებს ნატურალიზირებულ მოთამაშეებზე “გაუგებრობები” ჰქონდათ. ბოლოს, კორონავირუსის გამო, ყველა მატჩი გაუქმდა.
– ტურნირები ყველა სპორტის სახეობაში შეჩერდა. თქვენი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილებაა?
– ჩემი აზრით, არა. სპორტსმენები მომზადებაზე ძალიან დიდ დროს ხარჯავენ. ტურნირები კი აისბერგის მწვერვალია. როცა ტურნირი უქმდება, ძალიან სამწუხაროა. არ მგონია, რომ ამ ვირუსთან შეხება ბევრ სპორტსმენს ჰქონდა. მომხრე ვარ მატჩებისა და ტურნირების მაყურებლების გარეშე ჩატარების. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მატჩი გამართულიყო, თუმცა მაყურებლების გარეშე.
რისკი ყოველთვის არის, ვირუსისგან დაცული არავინაა, მაგრამ შეიძლება ეს ვირუსი ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილასაც გადაგედოს. საინტერესო მატჩი იქნებოდა. ცხადია, საქართველოს ნაკრებთან შეხვედრა სავსე ტრიბუნების ფონზე უფრო საინტერესოა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ გუნდთან თამაში ყოველთვის კარგი გამოცდილებაა.
2018 წელს, თბილისში ვითამაშე. ასეთი ემოცია და ენერგია მსოფლიო თასზე ჩატარებულ მატჩებშიც კი არ მიმიღია. დიახ, ისინი გვისტვენენ, ყვირიან, მაგრამ ეს უფრო მეტად გამხნევებს და გეხმარება იმაში, რომ უკეთ ითამაშო. მსოფლიო თასზე შეხვედრებს ბევრი ნეიტრალური ქომაგი ესწრება, ამ დროს ისინი ორივე გუნდს უჭერენ მხარს. თუმცა, როცა სტადიონზე 50000 ქომაგია და ისინი ყვირიან და უსტვენენ, არაფერი გესმის. მინდა, რომ სპორტი ყოველთვის პოლიტიკის გარეშე იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში რუსეთთან მატჩზე ბევრი ისეთი ადამიანი მოდის, რომელიც რაგბის ქომაგი არ არის. ისინი მოდიან იმისათვის, რომ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ საკუთარ გუნდს მხარი დაუჭირონ. სხვა ქვეყნის ნაკრებებთან მატჩებს ბევრი ადამიანი არ ესწრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო – რუსეთის დაპირისპირება 14 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო.
ტაგირ გაჯიევის პოსტი სოციალურ ქსელში (13 მარტი, 2017 წელი):
“55 ათასი… ასე უყვართ რაგბი საქართველოში.”