გიორგი ლორია: “დღეს კარიერის უმნიშვნელოვანესი მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა…”
კვიპროსული “ანორთოსისის” ქართველმა მეკარემ, გიორგი ლორიამ პალიტრანიუსის ეთერში ბელორუსის ნაკრებთან 26 მარტს არშემდგარ მატჩზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების 34 წლის კარის დარაჯი ფიქრობს, რომ ამ შეხვედრის ივნისში ჩატარებაც რთულად წარმოსადგენია.
“ვინმე რომ ჩამოსულიყო და 24 საათი ჩვენთან (“ანორთოსისის” ქართველ ფეხბურთელებთან) გაეტარებინა, ნახავდა, რომ მხოლოდ იმაზე ვსაუბრობდით და ვფიქრობდით, რომ 26 მარტისათვის მოვმზადებულიყავით. ყველა მატჩსა და ვარჯიშს იმას ვანდომებდით, რომ ამ შეხვედრებს ფორმის პიკში შევხვედროდით. ყველა ვარჯიშზე ერთმანეთს ვამხნევებდით. ასეთი ვითარება იყო იქამდე, სანამ ეს ვირუსი გავრცელდებოდა. ახლა უკვე ფეხბურთზე ვერავინ ფიქრობს. წარმოიდგინეთ, დღეს თითოეული ფეხბურთელისათვის კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა… მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება მოვლენები. დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ შეხვედრების ივნისში ჩატარებაც რთული იქნება”, – ამბობს ლორია.
ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ ის ამჟამინდელ სიტუაციას ძალიან განიცდის და იზოლაციაში ყოფნის დროს წონაში დაიკლო:
“ასეთი სტრესული მდგომარეობა რომაა, წონაში დავიკელი, მადა არ მაქვს საერთოდ. ასეთ ვითრებაში რომ ვართ, ძალიან განვიცდი და ჩემთვის ყოველი დღე რთულად გადის. უცხოეთში ყოფნა და შენ საკუთარ სახლში რომ არ ხარ, უკვე სტრესია, ამას კი ემატება ვირუსი. ყოველდღიურად გებულობ, რომ ვიღაც იღუპება, ინფიცირდება, ჩემზე ორმაგად და სამმაგად მოქმედებს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ძალიან ემოციური პიროვნება ვარ.”