რივალდო: “ლაუტარუ ჯერ მზად არ არის, “ბარსელონას” ნეიმარი სჭირდება”
ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ, კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ ურჩია ნეიმარის დაბრუნება. რივალდომ “ინტერის” შემტევ ლაუტარუ მარტინესზეც გააკეთა კომენტარი, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.
“საკმაოდ დიდი ხანია ვამბობ, რომ “ბარსელონამ” ნეიმარი უნდა დაიბრუნოს. რა თქმა უნდა, ესპანეთის დატოვებით მან შეცდომა დაუშვა, მაგრამ თუ არსებობს რაიმე შესაძლებლობა მისი 222 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად დაბრუნების, “ბარსამ” ეს უნდა გამოიყენოს.
28 წლის ასაკშიც, მას საკმაოდ ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია კლუბისთვის. ის დიდებული შენაძენი იქნება. “ბარსელონა” დაიბრუნებს მოთამაშეს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს მათ სისტემას.
რაც შეეხება ჭორებს ლაუტარუს შესახებ, ვფიქრობ, 22 წლის ლაუტარუ ჯერ მზად არ არის. “ინტერისთვის” მარტინესი ძალიან ღირებული ფეხბურთელია და არ გამოვრიცხავ, რომ “ბარსელონაში” დიდ წარმატებებს მიაღწიოს, ოღონდ მომავალში,” – აცხადებს რივალდო.