“რონალდუსთვის წასვლის უფლება არ უნდა მიეცათ, კლუბმა შეცდომა დაუშვა”
მას შემდეგ, რაც დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა, “იუვენტუსის” სხვა ფეხბურთელებმა თვითიზოლაციას მიმართეს. მალევე, კრიშტიანო რონალდუს ტურინის დატოვების უფლება მისცეს, რადგან ის მადეირაზე უნდა გამგზავრებულიყო. პორტუგალიაში კრიშტიანოს დედა საავადმყოფოში იმყოფებოდა, სწორედ ეს გახლდათ რონალდუს სამშობლოში დაბრუნების მიზეზი. ახლა კრიშტიანო თვითიზოლაციაში მადეირაზე იმყოფება.
“იუვენტუსის” ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯოვანი კობოლი ჯილიმ რადიო Punto Nuovo-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბმა რონალდუსთვის სამშობლოში დაბრუნების ნებართვის მიცემით დიდი შეცდომა დაუშვა.
“რონალდუს ტურინიდან წასვლამ “იუვენტუსში” საქმეები გაართულა. კლუბმა შეცდომა დაუშვა. მან თქვა, რომ ის პორტუგალიაში დედის გამო მიდიოდა, მაგრამ ვხედავთ მის აუზზე გადაღებულ ფოტოებს. მის გამო გამონაკლისი დაუშვეს, შემდეგ კი სხვა ფეხბურთელებმაც მოითხოვეს ტურინის დატოვების უფლება. ასე არ უნდა ხდებოდეს, ყველა კარანტინში უნდა იყოს”, – განაცხადა ჯილიმ.