შევჩენკომ კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის კატასტროფას შეადარა
ანდრეი შევჩენკო მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ლეგენდარულმა უკრაინელმა ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემია ჩერნობილის კატასტროფას შეადარა.
“ლონდონის სიახლოვეს ვცხოვრობ, ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. უკვე ათი დღეა, რაც გამოკეტილი ვარ. ამ რთულ მომენტში იმედს ვინარჩუნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი წესების მკაცრი დაცვაა. უნდა მოვუსმინოთ ექიმებისა და მთავრობის მითითებებს და სახლიდან აუცილებლობის გარეშე არ უნდა გავიდეთ.
მსოფლიოს მასშტაბით ყველა ექიმი თავის საქმეს დიდებულად ართმევს თავს, ისევე როგორც ექთნები და მოხალისეები. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ამისთვის, ისინი ნამდვილი გმირები არიან.
დაახლოებით მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი ცხრა წლის ასაკშიც, როდესაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა. რთული პერიოდი იყო. ერთადერთი იმედი მთავრობის გადაწყვეტილებები იყო. სისულელეები არ უნდა გაგვეკეთებინა, განსაკუთრებით სახლიდან გასვლა,” – აცხადებს შევჩენკო.