ფერგიუსონი ფეხბურთელებს: “თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, ეს ამ ორი ნაბიჭვრის ბრალი იქნება”
ვეტერანმა ფეხბურთელმა რობინ ვან პერსიმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ჩატარებული პირველი სეზონი და “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის შემდეგ მომხდარი ამბავი გაიხსენა.
როგორც იცით, “იუნაიტედმა” 2012-2013 წლების სეზონში პრემიერ ლიგა დამაჯერებლად მოიგო, თუმცა იყო შემთხვევა, როცა შოტლანდიელი მწვრთნელი ფეხბურთელებზე ძალიან გაბრაზდა.
“ფერგიუსონმა იცოდა, როდის უნდა ემოქმედა, როდის უნდა მოექცია ფეხბურთელი წნეხის ქვეშ. “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებულ ჩემ პირველ სეზონს გავიხსენებ, როცა პირველ ადგილზე ვიყავით და უახლოეს მდევარს 15 ქულით ვუსწრებდით. “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ სიტისთან” უნდა გვეთამაშა. თუ მოვიგებდით, მათ 18 ქულით გავასწრებდით, მაგრამ დავმარცხდით და სხვაობა 12 ქულა გახდა. ბევრი მწვრთნელი ამ სიტუაციის დრამატიზირებას არ შეეცდებოდა.
ფერგიუსონი ძალიან გაბრაზდა. ამ წაგებული მატჩის შემდეგ, ორი ფეხბრუთელი გასართობად წავიდა. მომდევნო დღეს, სერ ალექსს ფოტოები ჰქონდა, სადაც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ერთობოდნენ ისინი ღამით. მან ეს ფოტოები გასახდელში კედლებზე გააკრა და თქვა: “კარგი, ბიჭებო, თუ ტიტულს ვერ მოვიგებთ, იცოდეთ, რომ ეს ამ ორი ნაბიჭვრის ბრალი იქნება”, – ციტირებს ვან პერსის სიტყვებს Goal.Com.
ვან პერსი ამ ორი ფეხბურთელის სახელებს არ ამჟღავნებს, თუმცა ამბობს, თუ როგორ მოაქცია წნეხში ისინი ფერგიუსონმა:
“ცხადია, მათ სახელებს ვერ გავამჟღავნებ. მწვრთნელმა ისინი გალანძღა, მაგრამ ეს ამბავი გასახდელიდან არ გასულა. მას ბევრი ფოტო ჰქონდა. ჩანდა, რას აკეთებდნენ ეს მოთამაშეები ღამის 2, 3 და 4 საათზე. ასევე, ფერგიუსონმა გვითხრა: “თუ დავინახავ, რომ რომელიმე ფეხბურთელი ტიტულის მოგებამდე გასართობად წავა, მას გუნდიდან გავუშვებ. არ მაინტერესებს, ვინ ხარ და რამდენი თასი გაქვს მოგებული”. ამ საუბრის შემდეგ, სავარჯიშოდ გავედით და ჩემ კარიერაში ურთულესი ორსაათიანი ვარჯიში მქონდა”, – დაასრულა ვან პერსიმ.