პოლ პოგბამ “მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, პრესასთან საუბრისას 2012 წელს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიზეზად არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა დაასახელა. მან ისიც კი აღნიშნა, რომ წასვლისკენ თავისმა ძმამ უბიძგა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ფრანგმა ნახევარმცველმა კარიერის “იუვენტუსში” გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, 2016 წელს კი მანჩესტერში დაბრუნდა.
“ჩემი ძმა “მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარია. ის ყოველთვის ძალიან ბრაზდებოდა, როდესაც არ მათამაშებდნენ, უფრო მეტად ბრაზდებოდა, ვიდრე მე. მეუბნებოდა – “წადი. შენ შეძლებ სხვა კლუბში თამაშს, სადაც ამ კლუბს დაუმტკიცებ, რომ შენში ცდებოდნენ.”
დედაჩემი კი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ მანჩესტერში დავბრუნდებოდი და ასეც მოხდა. დავბრუნდი, როგორც სრულყოფილი ფეხბურთელი, რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს,” – აცხადებს ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი.