მატამ პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშე დაასახელა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა ხუან მატამ ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ედენ აზარი დაასახელა, რომელიც დღესდღეობით მადრიდის “რეალს” იცავს.
“საუკეთესოდ ედენ აზარს დავასახელებ. მსიამოვნებდა მასთან ერთად და მის წინააღმდეგ თამაში. მრავალი წლის განმავლობაში პრემიერლიგაში საუკეთესოდ სწორედ აზარს ვთვლიდი. ედენს მარტოს შეეძლო მატჩის მოგება. მე მასთან ერთად ვვარჯიშობდი და ვიცი, რაოდენ ძლიერი ფეხბურთელია. “რეალში” მას არ გაუმართლა, რადგან ტრავმა მიიღო და არ ვარ დარწმუნებული, რომ ფორმის დაბრუნების შემდეგ თავისი შესაძლებლობების გამოვლენას სრულყოფილად შეძლებს.
პრემიერლიგის ისტორიას თუ გავიხსენებ, თანაგუნდელთაგან რამდენიმე გამორჩეულ მოთამაშეს დავასახელებ, მაგალითად – უეინ რუნის. რაიან გიგზი და პოლ სქოულზიც არიან ამ სიაში. თუ “ჩელსიზე” ვსაუბრობთ, ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი და დიდიე დროგბა უნდა გავიხსენოთ. ერთი კონკრეტული მათგანის დასახელება რთულია”, – ციტირებს მატას სიტყვებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდი.