ტერი: “მოურინიომ ვარჯიში გააჩერა და ყველას გასაგონად გვითხრა…”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში გაიხსენა მომენტი, როცა ჟოზე მოურინიომ ვარჯიშზე მას უთხრა, რომ მისი შემცვლელის შესაძენად ბევრ ფულს დახარჯავდა.
“პრემიერ ლიგა მოვიგეთ, მალე სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო. ვარჯიშზე, მე და გარი კეჰილმა ბურთი რამდენჯერმე დავკარგეთ. გუნდში ახალი მოსულები იყვნენ სესკ ფაბრეგასი, დიეგო კოშტა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. მოურინიომ ვარჯიში გააჩერა და მე და კეჰილს ყველას გასაგონად გვითხრა: “თუ ბურთის დაკარგვას გააგრძელებთ, 100 მილიონ ფუნტს დავხარჯავ იმისათვის, რომ ორი ახალი ცენტრალური მცველი შევიძინო.”
მე და გარიმ ერთმანეთს გაკვირვებულებმა შევხედეთ. ამ სიტყვების შემდეგ, ორივე უფრო აგრესიულები გავხდით და ვარჯიშზე ყველა მეტოქეს ხისტად ვეთამაშებოდით. ვარჯიში დასრულდა, მოურინიო ჩვენთან მოვიდა და გვითხრა: “ამიტომაც იქნებით მომდევნო სეზონში ძირითადი თერთმეტეულის წევრები”. მან იცოდა, რასაც აკეთებდა, ყველას ოთხი ნაბიჯით უსწრებდა”, – თქვა ტერიმ.