ლინეკერმა პეტის უპასუხა: “ეს ჭორაობაა”
საფრანგეთის ნაკრების, “არსენალის”, “ბარსელონასა” და “ჩელსის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ემანუელ პეტიმ თებერვალში განაცხადა, რომ მესის ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში გაუჭირდებოდა.
“სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ის ინგლისს მოერგება. ის ამდენ ბრძოლას მიჩვეული არ არის. ესპანეთში მეტად დაცულია”, – თქვა პეტიტმა.
ვეტერანი ფრანგის სიტყვებს “ბიბისის” მიმომხილველი, “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი გარი ლინეკერი სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა.
“მან ინგლისის ექვს ყველაზე ძლიერ გუნდს 30 მატჩში 22 გოლი გაუტანა. ის საუბარი, რომ თითქოს მესი პრემიერ ლიგაში გუნდებს ვერ გაანადგურებდა, ჭორაობას ჰგავს. ის ხარივით ძლიერია. ყველა დროის საუკეთესო”, – წერს ლინეკერი Twitter-ში.