მატერაცი: “ზიდანს ჩემ სიტყვებზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდა”
ვეტერანმა იტალიელმა მცველმა, მარკო მატერაციმ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან მომხდარი ცნობილი ინციდენტი ისევ გაიხსენა. ის ამბობს, რომ მაშინ საფრანგეთის ნაკრების კაპიტნისთვის ისეთი რამ არ უთქვამს, რასაც ასეთი რეაქცია უნდა გამოეწვია.
“ზიდანს რამდენიმე ცუდი სიტყვა ვუთხარი, მაგრამ ამ სიტყვებზე ასეთი რეაქცია არ უნდა ჰქონოდა. რომში, ნეაპოლში, მილანში ან პარიზში, მოედანზე უარეს სიტყვებს გაიგონებთ. მე მისი და ვახსენე, თუმცა არ მიხსენებია დედამისი. ზოგიერთ გაზეთში წერდნენ, რომ დედამისს შეურაცხყოფა მივაყენე. მე მის დედას შეურაცხყოფას არ მივაყენებდი, რადგან საკუთარი დედა მაშინ გარდამეცვალა, როცა 15 წლის ვიყავი”, – ციტირებს მატერაცის სიტყვებს “მარკა”.
ამის შემდეგ, 46 წლის იტალიელმა იმ თანამემამულეებზე გააკეთა კომენტარი, რომლებიც მას ამ ინციდენტის შემდეგ აკრიტიკებდნენ.
“ზიდანს მთელი საფრანგეთი იცავდა, ჩემი თანამემამულეები კი სხვანაირად იქცეოდნენ. ჩემთვის, ისინი ნამდვილი იტალიელები არ არიან… მე ყოველთვის იტალიის ღირსებას ვიცავდი. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ბევრი კრიტიკა მივიღე, რამაც გული მატკინა. მას შემდეგ, რაც ფინალში გოლი გავიტანე, ეს ხალხი იმ მიწას უნდა კოცნიდეს, სადაც მე გამივლია”, – თქვა მატერაციმ.
Retweet if you watched this game as Zidane headbutted Materazzi in extra time of the 2006 World Cup Final. #WorldCupMemories pic.twitter.com/NDCFVdHRmc
— Kawowo Sports (@kawowosports) May 31, 2018