ჩეფერინი: “ჩვენ მზად ვართ, რომ ფეხბურთი ფანების გარეშე დაბრუნდეს”
უეფას პრეზიდენტი, ალეკსანდრ ჩეფერინი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ფეხბურთის დაბრუნება შესაძლებელია, თუმცა ფანების გარეშე.
“პრიორიტეტი ფანების, ფეხბურთელებისა და ყველას ჯანმრთელად ყოფნაა. თუმცა, არსებობს რამდენიმე გზა, რითაც თამაშის გაგრძელება შეგვიძლია, ჩემი ოპტიმისტური ბუნება კი მეუბნება, რომ ეს სეზონი ჩვეულებრივ დასრულდება. დიახ, ეს ფანების გარეშე მოხდება. ჩვენ მზად ვართ, რომ ფეხბურთი ფანების გარეშე დაბრუნდეს. მართალია, ფეხბურთი გულშემატკივრებისთვისაა შექმნილი, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია მათ სახლებში შევაღწიოთ. როცა ყველაფერი დალაგდება, სტადიონებიც გაივსება.
რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობაც, რომ სეზონი ვერ დასრულდეს, მაგრამ ეს კლუბებისთვის და ლიგებისთვის საშინელება იქნება. სწორედ ამიტომ გადავიტანეთ ევროპის ჩემპიონატი 2021 წლისთვის. მე ვფიქრობ, რომ შიდა ჩემპიონატები და ევროტურნირები დასრულდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების დრო განსაზღვრული არ არის, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის განახლდება შიდა ჩემპიონატები”, – უთხრა ჩეფერინმა Corriere della Sera-ს.