“ლევერკუზენის” ექიმი: “მზად ვართ, თამაში მომავალი შაბათიდან განვაახლოთ”
“ბაიერ ლევერკუზენის” მთავარმა ექიმმა, კარლ-ჰაინრიხ დიტმარმა, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა გერმანიის ჩემპიონატის დაბრუნებასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ბუნდესლიგის დაბრუნების სავარაუდო თარიღად 9 მაისი არის ჩანიშნული.
“დარწმუნებული ვარ, რომ “ბაიერ ლევერკუზენი” ბრწყინვალედ გაართმევს თავს იმ დავალებებს, რომლის შესრულებასაც გერმანიის საფეხბურთო ფედერაცია ითხოვს.
ჩემი, როგორც მედიცინის სფეროს წარმომადგენლის, გადმოსახედიდან, ჩვენ მზად ვართ, თამაში მომავალი შაბათიდან განვაახლოთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
რობერტ კოხის უნივერსიტეტმა კონკრეტული პროტოკოლი შეადგინა. მჯერა, რომ რაღაც ეტაპიდან, მხოლოდ ინფიცირებულ ადამიანებს მოვთხოვთ იზოლირებას და მათ ყოველ კონტაქტს ორკვირიან კარანტინში არ გავაგზავნით.
არ ვთვლი, რომ იზოლაცია აუცილებელია. სეზონის განახლების დრო უკვე დადგენილია და დარწმუნებული ვარ, რომ პირველი და მეორე დივიზიონის კლუბებს ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ,” – აცხადებს დიტმარი.