ვან პერსი: “არსენალიდან” ჩემი ნებით არ წამოვსულვარ, კლუბმა გამიშვა”
რობინ ვან პერსიმ, რომელიც 2012 წელს ლონდონის “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა, “მეთოფეთა” ფანების დიდი გულისწყრომა დაიმსახურა. “არსენალის” ქომაგები ნიდერლანდელ ფეხბურთელს ამ ნაბიჯს დღემდე ვერ პატიობენ, თუმცა წლების შემდეგ ვან პერსი ამბობს, რომ მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო.
“კრიტიკას ვიღებ, მაგრამ შვილებს ვფიცავ, მილიონ ფუნტს გადავიხდი, თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ “არსენალმა” კონტრაქტი შემომთავაზა და მე უარი ვთქვი.
მაშინ კლუბმა გადაწყვიტა, რომ ახალი შრომითი ხელშეკრულება არ გაგვეფორმებინა. ეს მათი გადაწყვეტილება იყო. მოლაპარაკებების შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ კლუბის სამომავლო განვითარების შესახებ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა.
იმისთვის, რომ “არსენალს” ინგლისის საუკეთესო კლუბებისთვის კონკურენცია გაეწია, შვიდპუნქტიანი გეგმა შევადგინე. მნიშვნელობა არ აქვს, რას გულისხმობდა ეს შვიდი პუნქტი. მთავარია, რომ ივან გაზიდისი (“არსენალის” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) ჩემ მიერ შეთავაზებულ არცერთ პუნქტს არ დაეთანხმა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “არსენალმა” გადაწყვიტა, რომ ჩემთვის ახალი კონტრაქტი არ შემოეთავაზებინა. ისინი ჩემს შეხედულებებს არ იზიარებდნენ. ჩემთვის უკვე ყველაფერი ცხადი იყო.
კმაყოფილი ვარ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავედი და ჩემპიონატი მოვიგე. საკუთრივ ჩემთვის ყველაფერი კარგად დასრულდა”, – აღნიშნა ვან პერსიმ.