როგორ გააგიჟა ხოსე ხიმენესმა რადამელ ფალკაო მატჩის მიმდინარეობისას?
“გალათასარაისა” და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა, რადამელ ფალკაომ მადრიდის “ატლეტიკოს” მცველ ხოსე მარია ხიმენესთან პირველი დაპირისპირება გაიხსენა.
2013 წელს, ურუგვაის ნაკრებში 18 წლის ხოსე მარია ხიმენესის დებიუტი შედგა. ურუგვაი კოლუმბიას შეხვდა, ახალგაზრდა მცველს კი ფალკაოს წინააღმდეგ თამაში მოუწია.
“თამაშზე კონცენტრირება არ შემეძლო, რადგან ხიმენესი მაგიჟებდა. ის კითხვებს მისვამდა. პირველად მკითხა, რა მანქანა მყავდა. როცა პასუხის გაცემა დავიწყე, ჩემთან აღარ იდგა და უკვე ბურთისათვის თავის დასარტყმელად ემზადებოდა. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ მკითხა, რატომ ჰქონდათ ეკვადორის, კოლუმბიისა და ვენესუელას დროშებს მსგავსი ფერები.
შემდეგ, მოვიდა და მითხრა, რომ სადებიუტო მატჩს ატარებდა, ბედნიერი იყო და აპირებდა, რომ ეს თარიღი ხელზე დაეხატა. მორიგი კითხვა ასეთი იყო – სექტემბერი (September) ‘p’-სთან ერთად წარმოითქმის თუ მის გარეშე. ამ შეკითხვის დასმისას ბურთზე სათამაშოდ ვეღარ ავხტი. მან გამაგიჟა”, – ციტირებს ფალკაოს სიტყვებს These Football Times.