ძალოსნობის ფედერაცია საქართველოს მთავრობას მიმართავს
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ მთავრობას თხოვნით მიმართა, რათა ნაკრებს სპორტულ ბაზაზე ვარჯიშის უფლება დართონ.
კახი კახიაშვილის განცხადებით, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მომავალი ჩემპიონატი არ გააუქმა, რადგან სპორტის ეს სახეობა კონტაქტური არ არის, სპორტსმენებს კი შემოდგომაზე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა მოუწევთ.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის განცხადება:
“საქართველოს მთავრობას და სპორტის ხელმძღვანელობას
მიმართვა-თხოვნა
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ქვეყანაში COVID 19-ის გავრცელების საშიშროების გამო თავიდანვე ითვალისწინებს მედიცინის წარმომადგენლებისა და მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებსა და განკარგულებებს. ძალოსნობის ყველა ასაკობრივი ნაკრები გუნდის წევრებმა თავიდანვე შეწყვიტეს შეკრებები და ვარჯიშს შინ, სახლის პირობებში განაგრძობენ.
მოგეხსენებათ გადაიდო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, სპორტის ზოგიერთი სახეობის წარმომადგენლებმა საერთოდ გააუქმეს წლეულს გასამართი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები თუ სხვა საერთაშორისო ასპარეზობები, თუმცა არის გამონაკლისებიც. ყოველ შემთხვევაში, ძალოსნობის საერთაშიროსო ფედერაცია ითვალისწინებს, რომ სპორტის ეს სახეობა უკონტაქტოა, რაც გამორიცხავს მეტოქესთან უშუალო შეხებას და ძალოსანს მხოლოდ შტანგასთან აქვს საქმე. ამიტომაც ჩვენი საერთაშორისო ფერდერაცია არ გეგმავს არცერთი ჩემპიონატის გაუქმებას და შემოდგომაზე ძალოსნებს არაერთი საერთაშორისო ასპარეზობა ელით.
იმის გათვალისწინებით, რომ წინ გველოდება ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშები, გთხოვთ, რომ ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს მისცეთ მოსამზადებელი შეკრების ჩატარების უფლება.
მოგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაგვიშვებთ რომელიმე სპორტულ ბაზაზე, ჩვენი გუნდი იქნება საკარანტინო მდგომარეობაში და დაიცავს სოციალურ დისტანციას.
ზოგიერთი ქვეყნის ნაკრები უკვე შეუდგა მზადებას ჩემპიონატებისთვის, ჩვენ კი ისევ სახლის პირობებში ვვარჯიშობთ, რაც მოყვარულისთვის დასაშვებია, თუმცა პროფესიონალურ დონეზე შეუძლებელია სპორტული ფორმის შენარჩუნება. ვშიშობთ, ჩვენი სპორტსმენები სავარჯიშო ფორმის აღდგენას დიდ დროს მოანდომებენ, რაც საბოლოოდ შედეგებზეც იქონიებს გავლენას.
იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი.”