რუს ფეხბურთელს ვლადიმერ პუტინის საწინააღმდეგო განცხადების გამო დასჯიან
რუსული კლუბი “კრილია სოვეტოვი” საკუთარი გუნდის წევრს, ევგენი ფროლოვს დააჯარიმებს. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ 32 წლის მეკარემ რუსეთის პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის საპასუხო ზომები გააკრიტიკა.
ფროლოვმა ჟურნალისტ სერგეი იეგოროვთან საუბრისას ვლადიმერ პუტინის განცხადებას “სისულელე” უწოდა და მთავრობას ხალხის დახმარებისაკენ მოუწოდა.
“რაც პრეზიდენტმა ტელევიზიის საშუალებით თქვა, სისულელეა. რეალურად, სახელმწიფო არაფერს აკეთებს. როცა ვსაუბრობთ ბიზნესზე, ბანკები სესხების გადავადებას არ აპირებენ. პრეზიდენტი ამბობს: “თქვენ უნდა გააკეთოთ ეს”, მაგრამ მას არავინ უსმენს. გვეუბნებიან, რომ სახლში დავრჩეთ, მაგრამ არავინ გვეხმარება.
დიახ, ქუჩაში გასვლის გამო გვაჯარიმებენ. ხალხს ფული არ აქვს, ჯარიმა კი 5000 რუბლია. მეორე თვეა ადამიანები უხელფასოდ არიან. ევროპაში ასე არ ხდება. ვხედავთ, როგორ მუშაობს პოლიცია: ისინი ადამიანებს ხელებს უგრიხავენ, ან სახეში ურტყამენ და სადღაც მიჰყავთ. როგორც მონობის დროს იყო, არავის არ აქვს უფლებები და თავისუფლება. შენ მონა ხარ და ამ დროს დუმაში მყოფები თავიანთი ხელფასის შემცირებას არ აპირებენ”, – თქვა ფროლოვმა.
ორშბათს “კრილია სოვეტოვმა” განცხადება გამოაქვეყნა. კლუბი თვლის, რომ ფროლოვმა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები დაარღვია და ამის გამო მას დასჯიან. ასევე, “კრილია სოვეტოვი” აცხადებს, რომ ისინი მეკარის პოზიციას არ იზიარებენ.
28 აპრილის ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსი 93 558 ადამიანს აქვს დადასტურებული, გარდაცვლილია 867.